სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
ხულოს მუნიციპალიტეტში 2006 წელს განხორციელებული მიზნობრივი პროგრამების მიმოხილვა -  2007-04-01
  ხულოს რაიონის 2006 წლის ბიუჯეტი რამოდენიმე მიზნობრივ პროგრამას შეიცავდა, რომელთა უმრავლესობა მიზნად სოციალური საკითხების მოგვარებას ისახავდა. აღსანიშნავია, რომ მიზნობრივი პროგრამები მხოლოდ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად არ იქმნება. არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება (მაგ. გზის რეაბილიტაცია, მინი სტადიონის მშენებლობა, სასმელი წყლის მილების გაყვანა), რომლებიც მიზნობრივ პროგრამებად ჩამოყალიბებას საჭიროებენ. პროგრამული ბიუჯეტი წარმომადგენლობით ორგანოებს საშუალებას აძლევს უფრო ზუსტად განსარღვრონ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიმართულებები და უფრო ეფექტურად განახორციელონ მონიტორინგი და კონტროლი მათ ხარჯვაზე, ხოლო აღმასრულებელი ორგანოები უფრო ეფექტურად განახორციელებენ პროგრამული ბიუჯეტის შესრულებას, რადგან ხარჯის გაწევის მიმართულებები წინასწარვე დეტალურად იქნება განსაზღვრული.
  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ ფინანსურ გეგმას, რომლებიც არ ატარებდნენ პროგრამულ ხასიათს. რაც უფრო მეტი წილი აქვს მიზნობრივ პროგრამებს ბიუჯეტში, მით უფრო ეფექტურად განხორციელდება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა, რადგან მიზნობრივი პროგრამა ზუსტად განსაზღვრავს ხარჯების კონკრეტულ მიმართულებებს.
  ჩვენი ყურადღება ამჟამად მიზნობრივი პროგრამების შედგენასთან და განხორციელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვინდა შევაჩეროთ. განვიხილავთ ხულოს რაიონის ბიუჯეტის შემდეგ მიზნობრივ პროგრამას: "ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებითა და მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამა".
  ზემოთ აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულ შეღავათებს აწესებენ საქართველოს კანონები "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" და "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ". აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის 2006 წლის "ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებითა და მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამაში" ქვეპროგრამების განხორციელების საფუძვლად მოყვანილია ზემოთხსენებული კანონების მუხლები, რომლებიც შესაბამისი ცვლილებების შედეგად გაუქმებულია, ამიტომაც საჭიროა ამოღებულ იქნას ეს მუხლები პროგრამიდან.
  პროგრამა შედგება შვიდი ქვეპროგრამისაგან, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ დახმარებებსა და შეღავათებს:
  1 .ომის ვეტერანების გაზით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის შედეგადაც ომის ინვალიდები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ღებულობენ 10,8 ლარის ოდენობის ტალონებს, ხოლო ომის მონაწილეები, მათთან გათანაბრებული პირები და სამხედრო ძალების ვეტერანები 8.1 ლარის ოდენობის ტალონებს, რის შემდეგაც ხდება ამ ტალონების განაღდება.
  ქვეპროგრამის მიმდინარეობისას კოალიციის ექსპერტების მიერ განხორციელდა ზემოთხსენებული ქვეპროგრამის პრაქტიკული მონიტორინგი, რომელმაც საშუალება მოგვცა აღმოგვეჩინა ქვეპროგრამის ნაკლოვანებები, როგორც დაგეგმვის დროს, ისე მისი განხორციელებისას:
  პირველი, ქვეპროგრამა არ ითვალისწინებდა მომსახურების მიწოდების ფორმებს, რომელიც განსაზღვრავდა თუ სად და როდის შეეძლოთ პროგრამის მომხმარებლებს გაენაღდებინათ გაზის ტალონები, ამიტომაც ზოგიერთი მომხმარებელი ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ ახორციელებდა ტალონების განაღდებას;
  მეორე, იმის გამო, რომ გაზის მიწოდება ვერ ხერხდებოდა რაიონის ცენტრიდან დაშორებულ სოფლებში მაცხოვრებელ ვეტერანებზე, ბევრ შემთხვევაში გაზის ტალონები გაუნაღდებელი რჩებოდა, რაც არაეფექტურს ხდიდა პროგრამას. ზოგიერთ თემში მოსახლეობა ერთობლივად ყიდულობდა საწვავს და სატვირთო ავტომობილის მეშვეობით ხორციელდებოდა რაიონის ცენტრში ჩასვლა და გაზის ავზების შევსება, რაც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული;
და ბოლოს, ზოგ შემთხვევაში გაზის გაცემა ნაკლები რაოდენობით ხდებოდა, ვიდრე ტალონებით არის გათვალიწინებული.
  2.ომის ვეტერანების ტელეფონის სააბონენტო გადასახადით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის მიხედვითაც ომის ინვალიდებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის გამოიყოფოდაა 4 ლარის ოდენობის დახმარება, ხოლო ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის 2 ლარის ოდენობის დახმარება ტელეფონის გადასახადის სახით. ქვეპროგრამის განხორციელებისას მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღმოჩენილა.
  3.ომის ვეტერანების კომუნალური მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა, სადაც გათვალიწინებულია ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომების მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სანდასუფთავებისა და წყალმომარაგების ხარჯების დაფარვა, რომელიც შეადგენდა თვეში 1 ლარს. ქვეპროგრამის განხორციელებისას მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღმოჩენილა.
  4.ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის საქალაქო, საგარეუბნო და რაიონის ტრანსპორტით უფასო მგზავრობის პროგრამა. ამ ქვეპროგრამით ასევე გათვალისწინებულია ქვეყნის ტერიტორიაზე სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტით ერთხელ მგზავრობა.
  ქვეპროგრამის ფარგლებში ძირითადად რაიონის ტერიტორიაზე მოძრავი ტრანსპორტით მგზავრობა იყო შესაძლებელი. ზოგიერთ შემთხვევაში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები უარს ამბობდნენ აღნიშნული მომსახურების შესრულებაზე, რადგან შესაბამისი ანაზღაურება არ ხდებოდა გამგეობის მიერ. ჩვენის აზრით, ქვეპროგრამის ეფექტურად განხორციელებისათვის უკეთესი იქნება გამგეობამ განახორციელოს ვეტერანთა მგზავრობით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა, რაც უზრუნველყოფს ქვეპროგრამის ეფექტურად განხორციელებას.
  5 .ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სარეაბილიტაციო და სამკურნალო ტიპის კურორტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა. ქვეპროგრამის ფარგლებში ვეტერანები მიმართავენ განცხადებით გამგეობის შესაბამის კომისიას მომსახურების გაწევის მოთხოვნით და თან წარუდგენს სამედიცინო გამოკვლევის დასკვნას, რის საფუძველზეც კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას პირის გაეწიოს შესაბამისი დახმარება თუ არა. აღნიშნული ქვეპროგრამა 2007 წელს აღარ განხორციელდება.
  6.ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის დასასვენებელი სახლებითა და სანატორიუმებით უზრუნველყოფის პროგრამა. ქვეპროგრამის ფარგლებში ვეტერანები მიმართავენ განცხადებით გამგეობის შესაბამის კომისიას მომსახურების გაწევის მოთხოვნით და თან წარუდგენს სამედიცინო გამოკვლევის დასკვნას, რის საფუძველზეც კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას პირის გაეწიოს შესაბამისი დახმარება თუ არა. აღნიშნული ქვეპროგრამა 2007 წელს აღარ განხორციელდება.
  7.ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სარიტუალო მომსახურეობის, უკვდავყოფის და სადღესასწაულო დღეების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა უკვდავყოფას, სადღესასწაულო დღეების ორგანიზებას.
  ზემოთხსენებული ქვეპროგრამები მათი განხორციელების ანალიზიდან გამომდინარე, არ არიან ორიენტირებულნი ეფექტურობაზე, რომელსაც უნდა მოსდევს შესაბამისი შედეგი. ქვეპროგრამებში ასახული ინფორმაცია ძალიან მწირი და შაბლონური ხასიათისაა. მიზნობრივ პროგრამაში დეტალურად უნდა იყოს ასახული ის პრობლემები, რომელთან დაკავშირებითაც იქმნება ეს პროგრამა, აუცილებელია მისი აქტუალურობის დასაბუთება, რისი დადგენაც მხოლოდ პრობლემის კარგად გაცნობის შემთხვევაშია შესაძლებელი. მასში უნდა იყოს ასახული თუ რა მიზანს ემსახურება ამ პროგრამის განხორციელება. ხშირია შემთხვევები, როცა მოსახლეობას ვერ გაურკვევია თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება და რა ოდენობის დახმარება უნდა აიღოს. ქვეპროგრამაში მოცემული ინფორმაცია უნდა იყოს დაწვრილებითი და ადვილად გასაგები. ქვეპროგრამაში მითითებული უნდა იყოს თუ როგორ არიან განსაზღვრული მოსარგებლე პირები. მაგალითად: თუ ქვეპროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიები კანონის საფუძველზეა განსაზღვრული, მაშინ ქვეპროგრამა უნდა შეიცავდეს შესაბამის განმარტებასაც, გარდა იმისა აუცილებელია მას თან ერთვოდეს განმარტებებიც. ყოველივე ეს ხელს შუწყობს მოსახლეობას პროგრამის გაცნობის შემდეგ მიიღოს დეტალური ინფორმაცია თუ რა კატეგორიისთვის არის განკუთვნილი ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება.
  თითოეულ ქვეპროგრამაში პროგრამის განხორციელების გზები დეტალურად უნდა იყოს აღწერილი, სადაც იქნება ნაჩვენები ქვეპროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების ფორმები. მაგალითისთვის, ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპლთა ოჯახის წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალ-დაკარგულთა გაზით უზრუნველყოფის პროგრამაში დაწვრილებით უნდა იყოს მოცემული ინფორმაცია ქვეპროგრამით გათვალისწინებული ტალონებისა და თხევადი აირის მიწოდები შესახებ. მასში ყველა პროცედურა უნდა იყოს ასახული, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა შეძლებს ტალონების, ხოლო შემდგომში თხევადი აირის მიღებას.
  რაც შეეხება პროგრამის ბიუჯეტს, მოცემულ ქვეპროგრამებში მოცემულია მხოლოდ ქვეპროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მთლიანი თანხა, რაც არასაკმარისი მონაცემია პროგრამისთვის. ქვეპროგრამის ბიუჯეტში დეტალურად უნდა იყოს ნაჩვენები ყოველი მომსახურების შესყიდვისათვის საჭირო თანხები ცალ-ცალკე, გასაცემი დახმარების ოდენობა, მოსარგებლე პირთა რაოდენობა და სხვა, რის საფუძველზეც შედგენილი იქნება მთლიანი ხარჯთაღრიცხვა.
  შემუშავებული მიზნობრივი პროგრამა არ შეიცავს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციას, შესყიდვის ოდენობას, ვადებს და სხვა. მსგავსი სახის ინფორმაცია მნიშვნელოვანია ფირმებისათვის, რომლებიც პოტენციურად შეიძლება განხილულ იქნენ როგორც საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლები სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას. ფირმებისათვის მნიშვნელოვანია ფლობდნენ ინფორმაციას მოსალოდნელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რაც საშუალებას აძლევს მათ წინასწარვე გაუკეთონ მობილიზაცია საკუთარ რესურსებს, დროულად დაასრულონ ძველი შეკვეთები, მოიზიდონ ინვესტიციები და სხვა.
  ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალ-დაკარგულთა შეღავათებითა და მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამის არც ერთ ქვეპროგრამაში არ არის ნაჩვენები თუ რა გეგმის მიხედვით მოხდება ამ პროგრამის განხორციელება. სასურველია ეს გეგმა ნაჩვენები იყოს ცხრილის სახით, რომელშიც ასახული იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მომსახურების გაწევის ვადები. ასევე საერთოდ არ არის ნაჩვენები პროგრამის მოსალოდნელი შედეგები, თუ რა შედეგების მიღებაზე არის გათვლილი ეს პროგრამა. არ არის ნაჩვენები მისი შეფასების კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება პროგრამის განხორციელების ეფექტურობის შეფასება.
  ზემოთ აღნიშნული პროგრამა განხორციელდება 2007 წელსაც, მცირედი ცვლილებებით. წლევანდელ წელს პროგრამიდან ამოღებული იქნა დასვენებისა და სამკურნალო ტიპის კურორტებით, დასავენებელი სახლებითა და სანატორიუმებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამები.
  იმედი გვაქვს ხულოს მუნიციპალიტეტის ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს მიზნობრივ პროგრამებთან დაკავშირებით და შემდგომში პროგრამის შემუშავების მეთოდებს გააუმჯობესებს. აუცილებელია ხულოს მუნიციპალიტეტის საკრბულომ მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტი მიზნობრივი პროგრამის შედგენის, კვარტალური და წლიური ანგარიშგების წარმოების შესახებ, რომელიც სრულყოფილად განსაზღვრავს მიზნობრივი პროგამების შემუშავების პრინციპებს, კრიტერიუმებს, ფორმებს, ანგარიშგების ვადებს, ანგარიშის წარდგენის ფორმებს. შესაბამისი სამართლებრივი აქტი უზრუნველყოფს საბიუჯეტო პროცესის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას, გამარტივდება პროგრამის შედგენის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადმინისტრაცული ხარჯების გარდა თითქმის მთლიანად პროგრამულ ხასიათს უნდა ატარებდეს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ცვლილებები მიზნობრივი პროგრამების შედგენისა და განხორციელების პროცესთან დაკავშირებით მალე განხორციელდება, რაც თვითმმართველობის უფრო ეფექტურად განხორციელებას უზრუნველყოფს.
« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge