სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
ქედის მუნიციპალიტეტის 2006 წლის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი -  2007-02-02
  ქედის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს დღის წესრიგში სულ მალე დადგება საკითხი ახალი ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ, რომელიც წარდგენილი იქნება ახალი გამგებლის მიერ. იმედი გვაქვს, რომ ახალი ბიუჯეტის პროექტი არ იქნება შემუშავებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. იმისათვის, რომ გამგეობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტი ეფუძნებოდეს ეფექტური დაგეგმვის პრინციპებს, ხოლო საკრებულოს შენიშვნები ბიუჯეტთან დაკავშირებით იყოს უფრო კვალიფიციური, უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის შესრულებასთან არსებული პრობლემების გათვალისწინება, მუნიციპალიტეტის საგადასახადო პოტენციალის შეფასება და საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ბიუჯეტი ასევე უნდა ეფუძნებოდეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმას და უნდა იყოს მისი შემადგენელი ნაწილი.
  ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ქედის რაიონის 2006 წლის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა შესრულდა 103,2 პროცენტით, ანუ დაგეგმილი იყო 2 272 282 ლარი და შესრულდა 2 344 725 ლარით. რაიონის ბიუჯეტის შემოსავლების ყველაზე დიდი წვლილი მოდის საშემოსავლო გადასახადზე, რომელიც 112,4 პროცენტით შესრულდა, ანუ დაგეგმილი იყო 275 000 ლარი და ბიუჯეტში 34 146 ლარით მეტი შევიდა. გადაჭარბებით შესრულდა შემოსავალი მოგების გადასახადიდან - დაგეგმილი 150 000 ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 172 856 ლარი შევიდა (შესრულდა 115,2 პროცენტით). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ახალი კანონის შესაბამისად 2007 წლიდან შემოსავლები საშემოსავლო და მოგების გადასახადებიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ჩაირიცხება, რაც, ჩვენის აზრით, მნიშვნელოვნად ამცირებს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ თვითმმართველ ერთეულთა ფინანსურ დამოუკიდებლობას.
  შემოსავალი ქონების გადასახადიდან 100,3 პროცენტით შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში დაგეგმილი 25 000 ლარის ნაცვლად 25 086 ლარი შევიდა.
  არასაგადასახადო შემოსავლები მსგავსად საგადასახადო შემოსავლებისა გადაჭარბებით შესრულდა: ნაცვლად დაგეგმილი 64 500 ლარისა ბიუჯეტში შევიდა 68 686 ლარი ანუ 110,9 პროცენტი. შემოსავალი მოსაკრებლებიდან შესრულდა 106,5 პროცენტით. არ იყო დაგეგმილი შემოსავლები სახელმწიფო ქონების იჯარიდან, რომლიდანაც ბიუჯეტში 140 ლარი შევიდა. მომსახურების გაწევიდან შემოსავალმა შეადგინა 2 681 ლარი, რომელიც ბიუჯეტში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული.
  ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხული ტრანსფერის ოდენობამ შეადგინა 1 681 856 ლარი, რაც გათვალისწინებული გეგმის მიხედვით ჩაირიცხა ბიუჯეტში.
  ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული 2006 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა 89,6 პროცენტით შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული სახის პროგრამების განხორციელება ვერ მოხერხდა.მუნიციპალიტეტის საკრებულომ და სოფლის საკრებულოებმა მათთვის გამოყოფილი 286 249 ლარის ნაცვლად 266 364 ლარი, ანუ 93,1 პროცენტი დახარჯეს. რაიონის გამგეობამ გეგმით გამოყოფილი 468 950 ლარიდან 87,1 პროცენტი დახარჯა.
  ნაწილობრივ გაიხარჯა თანხა თავდაცვისათვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროებისათვის (შესაბამისად 72,9 პროცენტი და 88,3 პროცენტი). განათლებისათვის გამოყოფილი იყო 237 000 ლარი და რეალურად გაიხარჯა 91,4 პროცენტი, ანუ 20 291 ლარით ნაკლები. საბიუჯეტო სახსრები ნაწილობრივ გაიხარჯა ასევე ჯანმრთელობის დაცვისა, სოციალური დაზღვევისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის: ჯანმრთელობის დაცვაზე 80 547 ლარიდან 90,1 პროცენტი გაიხარჯა, ხოლო სოციალური დაზღვევასა და სოციალური უზრუნველყოფაზე 127 308 ლარიდან 91,0 პროცენტი გაიხარჯა.
  საბინაო-კომუნალური ღონისძიებებისათვის გამოყოფილი იყო 414 050 ლარი და დაიხარჯა 397 069 ლარი, ანუ 95,9 პროცენტი.   დასვენების ორგანიზაციასა და საქმიანობისთვის კულტურის, სპორტისა და რელიგიის სფეროში დაიხარჯა გეგმით გათვალისიწნებული საბიუჯეტო სახსრების 86,5 პროცენტი.
  გეგმით განსაზღვრული თანხა ზუსტად გეგმის მიხედვით მთლიანად გაიხარჯა სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და მონადირეობის სფეროში, რომლისთვისაც გამოყოფილი იყო 14 481 ლარი და ზუსტად 14 481 ლარი გაიხარჯა.
  იმისათვის, რომ სწორად დაიგეგმოს ქედის მუნიციპალიტეტის 2007 წლის ბიუჯეტი, საჭიროა ახალმა საკრებულომ და გამგეობამ გაითვალისწინონ 2006 წლის ბიუჯეტის შესრულების ფაქტობრივი მაჩვენებლები, მუნიციპალიტეტის სავარაუდო საგადასახადო პოტენციალი მომავალი წლისათვის და მოსალოდნელი დადებითი თუ უარყოფითი მოვლენები მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში. იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი დაფუძნებული იქნება რეალურ მაჩვენებლებსა და გათვლებზე, რომელიც მათ მიერ დამოუკიდებლად იქნება შემუშავებული. ყოველივე ზემოთაღნიშნული ხელს შეუწყობს რეალური თვითმმართველობის განვითარებას.
« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge