სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის
ონლაინ კონსულტაცია
გამოკითხვა
დიახ
არა
 
 სიახლეები »
კავშირის გამგეობის თავმჯდომარის - ლევან გობაძის ინტერვიუ პროექტის „თემთა მობილიზაციის ინიციატივა“ რეალიზაციის დაწყებასთან დაკავშირებით. -  2008-02-12
  2007 წლის 11 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ "ინტელექტს" და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას პროექტის - "თემთა მობილიზაციის ინიციატივა" დაფინანსების შესახებ.
პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) განხორციელდება და მას "ინტელექტთან" ერთად ოთხი პარტნიორი სათემო კავშირი განახორციელებს. სათემო კავშირი "ქედლები" ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებში იმუშავებს, სათემო კავშირი "გვანცა" - ქედაში, სათემო კავშირი "მაჭახელა" ხელვაჩაურში, ხოლო სათემო კავშირი " ჩაისუბანი" ქობულეთში.
  პროექტის გაცნობის მიზნით გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტის" გამგეობის თავმჯდომარესთან და პროექტის დირექტორთან, ბატონ ლევან გობაძესთან.
  ბატონო ლევან, რა არის პროექტის მთავარი მიზნები და ამოცანები?
  - სანამ მიზნებზე და ამოცანებზე ვისაუბრებდეთ მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ, თუ საიდან წამოვიდა ამ პროექტის იდეა და რატომ ვსაუბრობთ დღეს თემთა მობილიზაციის ინიციატივაზე.
  2006-2007 წლებში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა განახორციელა ორი პროექტი, რომლებმაც მოიცვა აჭარის რეგიონი მთლიანად. პირველი პროექტი გახლდათ -"თემზე დაფუძნებული ანტიკორუფციული სამოქალაქო ინიციატივა", რომლის მიზანიც იყო ხუთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტების მონიტორინგის განხორციელება, არსებული კანონდარღვევბის გამოვლენა და მათი აღმოფხვრა, ადგილობრივ საკრებულოებზე და გამგეობებზე დახმარება მუნიციპალური ბიუჯეტების მიზნობრიობისა და ეფექტურობის ამაღლებისათვის.
  მეორე პროექტი, "თემი და არჩევნები", განხორციელდა 2006 წლის 5 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ და მიზნად ისახავდა მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდას ახლადარჩეული საკრებულოების, საკრებულოს წევრების ფუნქციებისა და ამოცანების, მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის თანამშრომლობის ფორმებისა და მეთოდების შესახებ. ამავე პროექტის ფარგლებში ახლადარჩეული საკრებულოების წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბიუჯეტების, მიზნობრივი პროგრამების, შედგენისა და შესრულების მონიტორინგის საკითხებზე.
  ამ ორი პროექტის რეალიზაციის დროს გამოვლინდა ის ძირითადი პრობლემა, რაც დაედო საფუძვლად ახალი პროექტის "თემთა მობილიზაციის ინიციატივა" შემუშავებას - თვითმმართველობის ორგანოებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის ფორმების არ არსებობა. ასევე, დღეისათვის პრაქტიკულად არ არსებობს თემებში მოსახლების საჭიროებების და მოთხოვნილებების კვლევების მეტ-ნაკლებად ობიექტური მეთოდიკა, მოსახლეობა არ არის ჩართული პრობლემების კვლევისა და პრიორიტიზაციის საკითხებში, ნაკლებად არის ინფორმირებული მათი თემებისკენ მიმართული საბიუჯეტო სახსრების შესახებ. უმეტეს შემთხვევებში არ არსებობს ურთიერთკავშირი თემის მოსახლეობასა და საკრებულოს წევრებს შორის. შესაბამისად, პროექტის მთავარი მიზნები ფორმულირებული იქნა შემდეგნაირად: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთი მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი თემების მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლება თვითმმართველობის პროცესებში; თვითმმართველობის ორგანოებს და თემების მოსახლეობას შორის ურთიერთკავშირის და პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; სამიზნე მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებს და მოსახლეობას შორის დიალოგის გაღრმავება და ურთიერთობის კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
  რაც შეეხება ამოცანებს, რომელთა შესრულებაც არის გათვალისწინებული პროექტით, ისინი მრავალფეროვანია და ყველა მათგანი ემსახურება რომელიმე კონკრეტული მიზნის მიღწევას. პირობითად, ეს ამოცანები შეიძლება რამოდენიმე ჯგუფად დავყოთ. პირველი ჯგუფი არის ის ამოცანები, რომლებიც თემების მოსახლეობის მობილიაციას, მათი აქტიური ნაწილის გამოკვეთას და მათ თემებში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების კვლევის პროცესებში ჩართვას ითვალისწინებს. მეორე ჯგუფი ამოცანებისა გახლავთ საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლების, საკრებულოს მაჟორიტარი წევრების, თემების რწმუნებულების და კავშირის ექსპერტების გაერთიანება გამოვლენილ პრობლემათა გარშემო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისათვის და მესამე ჯგუფი კი - შემუშავებული მიზნობრივი პროგრამების საჯარო განხილვების ორგანიზება საკრებულოებსა და გამგეობებში და ლობირების განხორციელება მათი მუნიციპალურ ბიუჯეტებში ჩართვის მიზნით
  რა მეთოდებით აპირებთ თვითმმართველობების და მოსახლეობის ჩართვას პროექტში?
  - ჯერ კიდევ პროექტის შემუშავების პერიოდში, როდესაც ჩვენ ვფიქრობდით პროექტის განხორციელების სტრატეგიაზე, ჩამოვაყალიბეთ რამოდენიმე კრიტერიუმი, რომელიც საფუძვლად დაედო პროექტის განხორციელების მეთოდოლოგიას.
უპირველეს ყოვლისა პროექტის განხორციელების მეთოდოლოგია უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემდა ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ნაწილს უშუალოდ მიეღო მონაწილეობა თემში არსებული პრობლემების გამოკვეთის,პრიორიტეტების განსაზღვრის, მიზნობრივი პროგრამების შედგენის, მათი საჯარო განხილვებისა და ლობირების, მონიტორინგის პროცესებში; პროექტი ასევე ორმხრივად სასარგებლო უნდა ყოფილიყო როგორც თვითმმართველობების ორგანოებისათვის, ასევე თემების მოსახლეობისათვის. ორივე მხარეს უნდა მიეღო პრაქტიკული სარგებელი განხორციელებული საქმიანობების შედეგად; უნდა ჩამოყალიბებულიყო თემების მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის თანამშრომლობის გარკვეული პრაქტიკა და ტრადიცია.
  სწორედ ამ კრიტერიუმებმა განაპირობა იმ მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელიც პროექტის განხორციელების დროს იქნება გამოყენებული. კერძოდ: სამიზნე თემებში საერთო კრებების ჩატარება ადგილობრივი მოსახლეობის, თემების რწმუნებულების და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების მონაწილეობით, რომლებზეც განხილული იქნება თემებში არსებული პრობლემები, განხორციელდება მათი პრიორიტიზაცია; ჩატარებულ საერთო კრებებზე საინიციატივო ჯგუფების შერჩევა, თემის მოსახლეობის აქტიური, ავტორიტეტული და მოტივირებული მოსახლეობის ნაწილის სახით, რომლებიც უშუალოდ იქნებიან ჩართული პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობებში; გამოვლენილ პრობლემატურ საკითხებზე მიზნობრივი პროგრამების შედგენა საინიციატივო ჯგუფების, საკრებულოების მაჟორიტარი წევრების, თემების რწმუნებულების, გამგეობების საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების წარმომადგენელთა და კავშირი "ინტელექტი"-ს ექსპერტთა მონაწილეობით; შემუშავებული მიზნობრივი პროგრამების საჯარო განხილვების ორგანიზება თვითმმართველობის ორგანოებში თემების მოსახლეობის მონაწილეობით; შემუშავებული მიზნობრივი პროგრამების ლობირება მუნიციპალურ ბიუჯეტებში მათი ჩართვის მიზნით. თუ ადგილობრივი ბიუჯეტები არ იქნება საკმარისი მიზნობრივი პროგრამების დასაფინანსებლად, მაშინ განხორციელდება ლობირება აჭარის ბიუჯეტიდან ტრანფერების გაზრდისათვის.
  თქვენი აზრით, საბოლოოდ, მიაღწევთ თუ არა სასურველ შედეგს?
  - პროექტის შედეგები პირობითად ორ ნაწილად შეიძელბა გავყოთ. პირველი - პრაქტიკული შედეგები, ანუ ის მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც შემუშავებული და დაფინანსებული იქნება მუნიციპალური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და მეორე
-ინსტიტუციონალური. მე პირადად მეორე ასპექტი მიმაჩნია უფრო მნიშვნელოვნად და მასზე გავამახვილებ უფრო მეტ ყურადღებას.
პროექტის "თემთა მობილიზაციის ინიციატივა" განხორციელების შედეგად აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის თემებში საინიციატივო ჯგუფებისა და სათემო კავშირების სახით ჩამოყალიბდება მძლავრი ინსტიტუტები, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების გადაჭრაზე. ისინი პირობითად შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად:
  – სიცოცხლისუნარიანი, ინფორმირებული, ავტორიტეტული, კვალიფიცირებული საინიციატივო ჯგუფები და სათემო კავშირები. პროექტის რეალიზაციის შედეგად ჩამოყალიბდებიან და გაძლიერდებიან საინიციატივო ჯგუფები და სათემო კავშირები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი გამოცდილება საზოგადოებრივი ინტერესების ლობირებისა ადგილობრივ დონეზე, შესძლებენ მობილიზება გაუკეთონ თემის მოსახლეობას, ორგანიზება გაუკეთონ საქმიანობებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივ საჭიროებებზე და პრობლემების გადაჭრაზე. სათემო კავშირებს და საინიციატივო ჯგუფებს ექნებათ გამოცდილება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობისა, რაც ხელს შეუწყობს განავითარონ და უფრო ეფექტური გახადონ ადგილობრივ ხელისუფლებასა და თემის მოსახლეობას შორის დიალოგი და ურთიერთქმედება.
  - ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები. პროექტის "თემთა მობილიზაციის ინიციატივა" ფარგლებში აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და გამგეობის აპარატის თანამშრომლები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საზოგადოებასთან ურთიერთობის, მათთან დიალოგის წარმოების, თემებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის, პრობლემების პრიორიტიზაციის და მიზნობრივი პროგრამების შედგენის საკითხებზე. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში წარმატებით განხორციელებული მიზნობრივი პროგრამები აამაღლებს მათ ავტორიტეტს და ნდობას თემების მოსახლეობის მხრიდან, რაც დიდი სტიმული იქნება იმისათვის, რომ მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას ისინი მომავალშიც გაუკეთებენ რეალიზებას და შეეცდებიან უფრო დახვეწონ მათი საქმიანობის ფორმები.
  პროექტის წარმატება ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია კოორდინირებული მოქმედება თემის მოსახლეობის, მუნიციპალიტეტების გამგეობების, საკრებულოების, კავშირის ექსპერტების, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატების, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მთლიანად აჭარის მთავრობის მხრიდან. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი", თავისი საქმიანობის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდობით შეეცდება განახორციელოს ასეთი კოორდინაცია. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ პროექტის დასრულების შემდეგ შევძლებთ ამაყად განვაცხადოთ - ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული.
« დაბრუნება
    
ანონსი
   
   
კომპიუტერული სკოლა
© 2008. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
Designed & Developed By Alpha Telecom Inc.
საკონტაქტო ინფორმაცია
 
ტელ.: (+995 222) 77415
ფაქსი: (+995 222) 77126
ელ–ფოსტა:* info@intellect.org.ge